Maybe it will be different this time?
მაშინ, როცა მზე ჩემს თმებს ოქროსფერ სიმებს ჰკიდებს, როცა ჰაერი ნაკლებს იწონის წინა დღეებთან შედარებით, როცა ყველა სურვილი ჯადოსნური სიმსუბუქით მანიფესტირდება და როცა გონება დროის არარსებობას მთელი პოტენციალით აღიქვამს ხოლმე, ახლანდელობაში ისე ვიჟღინთები, როგორც წმინდა წყალი ნათლობის კაბაში.
აწმყოს ნაკადები თითქოს ისევე გვწმენდს, როგორც ქრისტიანებს მდინარე ნათლობისას. უბრალოდ ამჯერად წყლის მაგივრად დროის დინებები აკეთებს საქმეს. და უცნაურად, თუ პირიქით, სავსებით ბუნებრივად, ხმელეთის ნაკადებს იქითკენ მივყავართ, სადაც მეტი სიცოცხლეა, მეტი შესაძლო მომავალი; სადაც გააზრებულად, თუ გაუცნობიერებლად გველიან და სადაც ჩვენი მისვლა დღესასწაულს ჰგავს.
ლოგიკურია არა? ჩვენი ენერგია და სიცოცხლე იმ შენაკადებთან შეერთებას ელტვოდეს რომლებთანაც გადარჩენის, თავისუფლების მეტი შანსი აქვს. იქნებ, ერთ დღეს ეკოსისტემაც კი შევქმნათ ერთად.
ბევრი წელი, სანამ პუბერტატული უაზრო პროტესტი მქონდა გამოცხადებული დინების მიმართულებით ცურვისადმი, მეგონა ცხოვრება დამოუკიდებლად, თავისით ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირ, არაკომფორტულ და არამეგობრულ ჭიდილში ვიყავი მასთან და სულელურად, სამყაროში ყველაზე თავისუფალი ენერგიის დამორჩილებას ვცდილობდი. ერთ დღეს, არსებობის რომელიღაც უცნაურ წელს, ძალიან მარტივად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე თურმე ჩემგან მოდიოდა და რაც უფრო მეტად ვიქნებოდი ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მით უფრო ადვილად წარვამრთავდი ცხოვრებას ისე, როგორც მე მომესურვებოდა. და რაც მთავარია, მით მეტად სასიამოვნო იქნებოდა მთელი ეს მოგზაურობა.
მოგზაურობა ახლანდელობაში, რომელიც დაცლილია ჩვენივე მოგონილი სტრესისგან და მხოლოდ მსუბუქ, უსაფრთხო და საამო ადგილსამყოფელს გვთავაზობს შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
ჩემს აწმყოში დაუგეგმავად საოცარ არსებებს გადავეყარე დღეს.
რა მაქვს მეტი სათქმელი? ფაქტია, მუდამ მასთან მივდივართ, ვინც გველოდება.
და შენ ვის ელოდები?
ფოტო 2016შია გადაღებული, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ეს საღამო.
ძრავიან ორბორბალზე ვიჯექი და ქარი თავხედურად მეთამაშებოდა ხასიათზე. იმდენად სწრაფად მივდიოდით, ვგრძნობდი მოგონებები აფრიალებული თმის ბოლოებზე როგორ მეჭიდებოდნენ. მათი ნაწილი გზას დავუტოვე სამახსოვროდ.
თავისუფლებას გასწრობანას ვეთამაშებოდით და მაშინ ჩვენ მოვიგეთ.
ვინ უვლის ეკლესიის კუთხეში დანთებულ იმედებს, ბავშვური გულწრფელობით მინდობილ სიცოცხლეებს ან ჩურჩულით განდობილ თხოვნებს? რა ხდება მათ თავს, ვინც ეკლესიამდე ვერ მოვიდა? ვინც მამა გაბრიელის ქამარი ვერ გაიკეთა? ვინც დასასვენებლად წასული მიწის გუგუნმა ჩანთქა და რომელთა ლოცვებმაც ტალახის სქელი ფენიდან ვეღარ ამოაღწია?
რა ხდება მერე, როცა სანთელი ბოლომდე ქვრება?
•••
ჩემი წიგნაკი უკვე კითხვების უაზროდ დიდ კოლექციად იქცა.
ნეტავ, თავად თუ აქვს შემქმნელს პასუხები? თუ ისიც ჩვენსავით ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოო ამბობს და განაგრძობს ძილს?
Is there anything more real and true than this?
We are the same.
მენჯის ქვაბულში ვიგროვე შენი სიყვარული, ყველა შეხება, ყველა შესაძლო იდეა შენს და ჩვენს შესახებ. ალბათ ამიტომაც განიცდება შენი ხელები და ტუჩები ჩემ სხეულზე განსხვავებულად მომაჯადოვებლად.
ადამიანი მუდმივი, გაუთავებელი დიალოგია. დიალოგი ნეირონებს შორის, გულსა და გონებას შორის, განწყობებს შორის. დიალოგია საკუთარ ენერგიასა და ბუნებას შორის, საკუთარ არსებასა და სხვა, მის მსგავს სამყაროს მტვრისგან შექმნილ არსებებს შორის.
მე უკვე მეცხრე გრძელი წელია შენთან, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ისეთ უწყვეტ საუბარში ვარ ჩაღვრილი, ეს სამი ხანდახან ერთი და იგივედ მეჩვენება ხოლმე.
☀︎
მომწონს სასიყვარულო აქტის შემდეგ არეული ლოგინები, მაგიდაზე დარჩენილი ჭიქის ყავისფერი წრეები, წლების განმავლობაში კედელზე ფანქრით შენახული ოჯახის წევრების ცვალებადი სიმაღლეები, ავეჯის გადაადგილებისგან დახაზული პარკეტი, ძლიერი ჩახუტებისგან დაკუჭული მაიკები, ბალიშის მიერ დატოვებული გემრიელი, გრძელი ძილის სესიის ნაკვალევი სახეზე და ჩვენი ყველა ერთად განცდილი მოგონების მიერ შექმნილი ნაოჭი ჩემს ტვინში.
ეს არის სიცოცხლის ნამდვილი ნიშნები და მიყვარს მათი აღმოჩენა.